ახალი ამბები

გამტაცებელს მძევლებთან ერთად, სავარაუდოდ, პოლიციის უფროსი გალდავაც გაჰყვა

21 ოქტომბერი, 2020 • 1825
გამტაცებელს მძევლებთან ერთად, სავარაუდოდ, პოლიციის უფროსი გალდავაც გაჰყვა

გამტაცებელმა, რომელიც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ბანკის შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა.

როგორც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, გამტაცებელს, სავარაუდოდ, ხელებშეკრული ავთანდალი გალდავა მიჰყვებოდა.

სავარაუდოდ, სწორედ გალდავა აწარმოებდა გამტაცებელთან მოლაპარეკებას და მის მიერ მოთხოვნილი თანხაც სწორედ გალდავამ გადასცა.

ინფორმაციას, რომ გამტაცებელმა მძევლად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი აიყვანა, ჯერჯერობით არ ადასტურებენ შსს-ში. უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შსს-ს ოფიციალურ განცხადებებს დაველოდოთ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრში ჩანს მარჯვენა ხელაწეული თავდამსხმელი, რომელსაც ბანკის შენობის დატოვებისას, სავარაუდოდ, ყუმბარა უჭირავს გახსნილ მდგომარეობაში. უცნობია ასევე ისიც, არიან თუ არა გამტაცებელთან ბანკში აყვანილი მძევლები, თუ მათ პოლიციელები ჩაენაცვლნენ.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დღეს მედიას ვიდეოზარით ეკონტაქტებოდა, წერს, რომ პოლიციის წარმომადგენელმა მძარცველს ფული მიუტანა და ისინი თავდამსხმელთან ერთად შენობას ტოვებენ.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ, ალბათ,“ – წერს ირაკლი კვარაცხელია ფეისბუკზე.

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი კვარაცხელია, „მთავარს“ ვიდეოზარით ჩაერთო, თავდამსხმელთან ერთად ოთახში 19 მძევალი იმყოფებოდა.

თავად თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს, ვერტმფრენს ან სატრანსპორტო საშუალებას და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი