ახალი ამბები

რა მოხდა დმანისში “ოცნების” ოფისთან

22 ოქტომბერი, 2020 • 2143
რა მოხდა დმანისში “ოცნების” ოფისთან

დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისისთან დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

საქმეზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით.

რა მოხდა? – „ოცნებისა“ და ენმ-ის ვერსიები

დმანისში დაპირისპირების შესახებ დღეს პირველად ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან თქვა, რომ დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობი იყო, თუმცა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

კობახიძის შემდეგ „იმედთან“ საუბარში დაპირისპირებაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემაც, მან თქვა – „დმანისში რამდენიმე საათის წინ რამდენიმე ნასვამი ადამიანი მივარდა ჩვენს შტაბს. დეტალები ჯერ არ ვიცი, მაგრამ იქ მოხდა გასროლები“.

„რატომ ხდება, რომ სულ, გამონაკლისების გარეშე, სულ ხდება ჩვენს შტაბთან [ასეთი რამ]… ხანდახან ჩვენებიც ცუდად იქცევიან, გვქონდა 2-3 შემთხვევა… ძნელია მოთმენა, არ გავამართლებ არასდროს, მაგრამ იყო შემთხვევები, ცუდად მოიქცნენ…. ყველა მათგანი იწყება პროვოკაციით“, – ამბობს მდინარაძე.

პროვოკაციაზე საუბრობს „ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანიც. ის ჟურნალისტებთან ამბობს, რომ დაჭრილებს შორის არიან როგორც მათი აქტივისტები, ასევე, თავდამსხმელები.

„ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობაც ძალიან მარტივად შეიძლება – ადამიანების არაფხიზელ მდგომარეობამდე მიყვანა, წაქეზება და მათი შესევა ოცნების ოფისებზე“ ,- განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მეშველიანს ნეტგაზეთიც დაუკავშირდა, მან ჩვენ გვითხრა, რომ დაპირისპირება ჯერ ოფისში დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გაგრძელდა. ის ამბობს, რომ ოფისს კრიმინალური დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ და დაიწყო დაპირისპირება.

„დიდი ალბათობით, ეს თავდამსხმელები არიან მოკრიმინალო ელემენტები“, – ამბობს ის და ამატებს, რომ „დიდი ალბათობით, ეს თავდასხმა უკავშირდებოდა ჩვენი შტაბის ხელმძღვანელისთვის და ასევე ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარისთვის ზიანის მიყენებას, დაჭრას ან სხვა უფრო მძიმე ქმედებას“.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, “ძალა ერთობაშიას”  მაჟორიტარობის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ადგილი პროვოკაციას არ ჰქონია და დაპირისპირება “ოცნების” შტაბის შიგნით განვითარდა.

„შტაბის შიგნით მოხდა. მისი წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათ შორის, კრიმინალური ჯგუფის წევრები. დათვრა ეს შემადგენლობა, მოხდა დაპირისპირება, შელაპარაკება. შედეგად, დაიწყო ჩხუბი, შეხლა-შემოხლა. შედეგად 3 ადამიანი არის დაჭრილი“, – ამბობს ის და ამატებს, რომ მოქალაქეები არა მხოლოდ ცეცხლსასროლი, არამედ ცივი იარაღითაც დაჭრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი