ახალი ამბები

დაპირისპირება ზუგდიდში, “საქართველოს ბანკთან”, სადაც მძევლებია აყვანილი

21 ოქტომბერი, 2020 • 1205
დაპირისპირება ზუგდიდში, “საქართველოს ბანკთან”, სადაც მძევლებია აყვანილი

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტში “ქართული მარშისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ადგილზე მყოფი გიორგი გაბედავა, რომელიც ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატია “ქართული მარშიდან”, მედიას ეუბნებოდა, რომ მძევალთაგან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია და არავის მისცემს “არანაირი პიარის უფლებას”. ინტერვიუს დროს გაბედავას ერთ-ერთმა პირმა თავში ჩაარტყა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში სამართალდამცავები ჩაერივნენ და პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით, ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ესაუბრებოდა, როდესაც მისი მისამართით გინება გაისმა. უგულავას   თქმით, “ქართული მარშის” წარმომადგენელი გაბედავა მთელი დღის მანძილზე ცდილობდა ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობას.

უგულავას თქმით, დაკავებულია “ევროპული საქართველოს ერთი მხარდამჭერი. უცნობია, გულისხმობს თუ არა პარტიის ლიდერი პირს, რომელიც გაბედავასთან ფიზიკური დაპირისპირებისას გაიყვანეს ტერიტორიიდან.

“ნეტგაზეთი” შსს-ში ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.

უკვე რამდენიმე საათია, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, რომელიც “მთავარს”  ვიდეოზარით ჩაერთო, თავდამსხმელთან ერთად ოთახში 19 მძევალი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, 2 მათგანი გათავისუფლებულია.

თავად თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების პირობას ითხოვს.

მოლაპარაკების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი