ახალი ამბები

პრეზიდენტი ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნას ადარებს 1918 წელს თსუ-ს დაფუძნებას

21 ოქტომბერი, 2020 • 1113
პრეზიდენტი ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნას ადარებს 1918 წელს თსუ-ს დაფუძნებას

დღეს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. გახნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტიც ეწრებოდნენ.

უნივერსისტეტის გახნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა პრემიერი გიორგი გახარია და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და “ქართუ ფონდს” უნივერსისტეტის მშენებლობის დაფინანსებისთვის. პრემიერმა უნივერსიტეტის მშენებლობას “ქველმოქმედების დიდი აქტი” უწოდა.

“მინდა შევუერთდე ქალბატონ პრეზიდენტს და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ და ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა, რომ ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა“,-განაცხადა პრემიერმა.

პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ახალი უნივერსიტეტის გახსნა შეადრა 1918 წელს საქართველოში პირველი უნივერსიტეტის დაარსებას. ზურაბიშვილის თქმით, მაშინ პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნით დამოუკიდებელი საქართველო დაიბადა, დღეს კი ახალი საქართველო იბადება.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დამოუკიდებელი საქართველო დაიბადა, დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო. საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება, მსოფლიო მეცნიერების უახლოესი მიღწევების გათვალისწინებით, ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში”,-აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და “ფონდ ქართუს” “საშვილიშვილო საქმისთვის” და უნივერსიტეტის მშენებლობას მეცენატობა უწოდა.

“არის ქვეყნის ისტორიაში სხვადასხვა ეტაპები, როცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის მეცენატებზე და მათ პრიორიტეტებზე. ჩვენ ჩვენს ისტორიაში მსგავსი მეცენატობის არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელ რიგ დარგებში. დიდწილად მათზე იდგა ჩვენი კულტურისა და განათლების განვითარება. დღეს სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ,,ფონდ ქართუს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილიშვილო საქმეში”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გახსნის ცერემონიაზე ფიცი დადეს უნივერსიტეტის პირველი სუდენტების ნაწილმაც, რომლებმაც დაიფიცეს რომ დაიცავენ ქუთაისის უნივერსიტეტის რეპუტაციას და იქნებიან სასწავლებლის ღირსეული “ელჩები”.

“უნივერსიტეტში სწავლა არის როგორც დიდი პრივილეგია, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებ, რომ დღეიდან ჩემი ქცევა აისახება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეპუტაციაზე და ვფიცავ, ვიყო უნივერსიტეტის საუკეთესო და ღირსეული ელჩი. ვფიცავ, დავიცავ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა ქცევის, აკადემიური პატიოსნებისა და სასწავლო პროგრამებით დადგენილ წესებს”,-განაცხადეს სტუდენტებმა.

რატომ გაიხსნა უნივერსიტეტი, რომელსაც უკვე ჰყავს პირველი სტუდენტები, ახლა, საარჩევნო პერიოდში და არა მანამადე? აქვს თუ არა კავშირი ამ პროცესს 31 ოქტომბრის არჩევნებთან? – პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ არა.

“რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან. რა თქმა უნდა, კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვას და აღმშენებლობას არჩევნებთან აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია. მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნასა და არჩევნებს შორის კავშირს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის ინსინუაცია.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე  მიიღო – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერში წარადგინა. მთავრობის განცხადებით, უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი, თუმცა პირველ წელს უნივერსიტეტმა 245 სტუდენტი მიიღო.

მთავრობის ცნობით, კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. მთავრობის ცნობითვე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში  ფონდი „ქართუ“ ერთ  მილიარდ ევროზე მეტ  ინვესტიციას ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი