ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ | სომხური მხარე

21 ოქტომბერი, 2020 • 885
მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ | სომხური მხარე

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალებმა აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

“არწახის [მთიანი ყარაბაღი] თავდაცვის ძალებმა ფრონტის სამხრეთის მიმართულებით, დაახლოებით 8:30 წუთზე, ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი. სიტუაცია არის შედარებით სტაბილური, თუმცა, დაძაბული”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

“სომხური მხარის განცხადება, თითქოსდა ჩამოაგდეს აზერბაიჯანული თვითმფრინავი, არის ტყუილი და სომხური პროპაგანდისტული მანქანის კიდევ ერთი გამოვლინება” ,- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთმა 12 ოქტომბერსაც გაავრცელა ინფორმაცია მოწინააღმდეგის SU-25-ის ჩამოგდების შესახებ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო.


სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ომი უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. მხარეებს შორის მიღწეული ორი ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, ბრძოლები კვლავ გრძელდება. გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალი დასახლებების, მათ შორის ზანგილანის, აღების შესახებ განაცხადა, რომელიც ირანისა და სომხეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა კონფლიქტის სამხრეთ ნაწილში. თავის მხრივ, სომხურმა მხარემაც გაავრცელა ინფორმაცია ფრონტის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი