ნეტგაზეთი | ყველაზე მაგარი მაჟორიტარი ვარ, ენმ-სთან მე არ მისვულვარ, ისინი მოვიდნენ – ოქრიაშვილი ყველაზე მაგარი მაჟორიტარი ვარ, ენმ-სთან მე არ მისვულვარ, ისინი მოვიდნენ – ოქრიაშვილი – Netgazeti
RU | GE  

ყველაზე მაგარი მაჟორიტარი ვარ, ენმ-სთან მე არ მისვულვარ, ისინი მოვიდნენ – ოქრიაშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, აცხადებს, რომ „ყველაზე მაგარი მაჟორიტარია“; ამასთან, მისი თქმით, თანამშრომლობა ენმ-მ შესთავაზა და არა პირიქით.

ოქრიაშვილმა 2008 და 2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღო მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, 2016 წელსაც ოცნების საპარლამენტო გუნდში იყო. თუმცა 2020 წლის ზაფხულში ოქრიაშვილი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა … გუნდს“.

ოქრიაშვილმა, — რომელიც სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელია, — 20 ოქტომბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემაში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას მაჟორიტარული წესით კენჭისყრა არ შესთავაზა და „სიაში ადგილზე იყო საუბარი“, რაზეც უარი თქვა, რადგან ეს „თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი იყო“.

„მქონდა განცხადებებიც, რომ თუ შემომთავაზებდა „ქართული ოცნება“ მაჟორიტარად კენჭისყრას, მივიღებდი ამ წინადადებას. მათ ეს არ შემომთავაზეს, შემომთავაზეს სია, ეს იყო თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. მე თავისუფლებას არ დავკარგავდი, ამიტომ უარი ვთქვი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა გადაცემაში საუბრისას.

ოქრიაშვილმა ასევე განაცხადა: „ნაციონალურ მოძრაობასთან მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ მე რომ მეყარა კენჭი დამოუკიდებლად ან სხვა პარტიით, მაინც გავიმარჯვებდი“.

„თქვენ გინდათ თქვათ, რომ პარტიიდან პარტიაში დავრბოდი, მე კიდევ გეუბნებით, რომ უპარტიო ვიყავი ყოველთვის“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

„[არჩევნებში მონაწილეობის] არანაირი მოტივაცია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო ძალიან კარგი პარლამენტარი და მაჟორიტარი და ვთვლი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა რეკორდული მაჩვენებლით“, – განაცხადა მან.

2020 წლის აგვისტოში ოქრიაშვილმა ბიზნესმენ და ყოფილ პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააარსა — „პროგრესი და თავისუფლება“.

კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა [ფოტო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com