ახალი ამბები

როგორ ვიქცევით კოვიდ-ინფექციის სიმპტომების გამოვლენისას – ექიმების რჩევები

20 ოქტომბერი, 2020 • 4743
როგორ ვიქცევით კოვიდ-ინფექციის სიმპტომების გამოვლენისას – ექიმების რჩევები

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი, მოსახლეობას ურჩევენ, როგორ მოიქცნენ, თუკი კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდათ.

როგორც ნანა გეგეჭკორი წერს, პანდემიის დაწყების დღიდან იყო ჩართული კოვიდ ინფექციასთან ბროძოლაში ნიუ-იორკის ყველაზე „ცხელ წერტილში“, მაიმონიდის ჰოსპიტალში.

„ჩვენი ჰოსპიტალი შედეგებით საუკეთესოებში აღმოჩნდა, ამიტომაც თავს უფლებას მივცემ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. შევეცდები გავაკეთო პოსტების სერია დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვაზე, მანამდე კი მინდა ყველაზე მნიშვნელოვანს და გადაუდებელს შევეხო“, – წერს იგი.

როგორც ზურაბ გურული წერს, რჩევები ნანა გეგეჭკორმა ჩამოაყალიბა და მათ ერთობლივად დაარედაქტირეს. „ნეტგაზეთი“ მათ რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

1. როგორ ვიქცევით, თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან.

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს (რისკფაქტორებზე ქვემოთ ვისაუბრებ) და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატურად გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე (თბილი, ცივი, ორივე სასარგებლოა, ნუ დაიმდუღრებით).

დაიწყეთ სიმპტომების მონიტორინგი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.

იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. მომიტევეთ იმათ, ვისაც ამის საშუალება არ გაქვთ, მაგრამ იქნებ როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქოდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. ნუ შეგეშინდებათ ერთმანეთის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს. ასე მოჰქონდათ ჩემთან პროდუქტი ოჯახის წევრებს, როცა ავად ვიყავი და იზოლაციის წესებს ვიცავდი.

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

* უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას;
* გონების დაბინდვა;
* მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას;
* გამოხატული სუნთქვის უკმარისობა.
როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?
– ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი;
– სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში);
– ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას.

* ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნომალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია;
* პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს;
* უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას;
* ქოშინი მინიმალური დატვირთვისას;
* ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
* საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო;
* დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს;
* ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ღრუ ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).

—————————————————-
რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას:

!!! არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტიტრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ატიტრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი… სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს). გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, შინაგანი ორგანოების სისხლდენები, განსაკუთრებით, ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფილური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

!!! სტეროიდები, ეგრეთ წოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი… მესმის, რომ მომხიბლველად ჟღერს მათი სარგებლიანობა კოვიდ ინფექციის მართვაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებზე. ცივილიზებულ ქვეყნებში ისინი არ გამოიყენება მსუბუქი დაავადების სამართავად. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარებას.

!!! ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე. იმედია, ექიმებიც არ გამოიყენებენ მათ არამიზნობრივად. კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.

!!! რაც შეეხება ვიტამინებს. არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს ‘’ც’’ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება ‘’დ’’ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მცირე ხნით ‘’დ’’ ვიტამინის გამოყენება ზედოზირებას არ იწვევს, შეგიძლიათ ის მიიღოთ.

!!! არ არსებობს მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდ ინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ საკუთარ თავზე. მეტიც, ფსიქიკური სტატუსის ზუსტი, ყოველდღიური შეფასება აბსოლიტურად აუცილებელია, მარიხუანის მოხმარებამ კი შეიძლება ეს გაართულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი