ახალი ამბები

“აშშ-ში გადაყარეს რუსეთისგან მიღებული სუნთქვის აპარატები” – მედია

20 ოქტომბერი, 2020 • 1310
“აშშ-ში გადაყარეს რუსეთისგან მიღებული სუნთქვის აპარატები” – მედია

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ [FEMA] გადაყარა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომლებიც ვაშინგტონმა მოსკოვისგან ჯერ კიდევ აპრილში მიიღო, იტყობინება „ბაზფიდი“.

გამოცემასთან საუბარში სააგენტოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ „[რუსეთის მიერ] გადმოცემული აპარატები გადაყარეს ნარჩენების უტილიზაციის რეგულაციების სრული დაცვით“.

„ფასიანი დახმარება“

ხელოვნური სუნთქვის აპარატები აშშ-მა რუსეთისგან პირველ აპრილს მიიღო. კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მაშინ თქვა, რომ ეს „ჰუმანიტარული დახმარება“ იყო.

თუმცა უკვე 2 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ აშშ-ს საჭირო ეკიპირება რუსეთისგან დახმარების სახით კი არ მიუღია, არამედ შეიძინა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ტვირთის ღირებულება აშშ-მა და რუსეთმა თანაბრად გაანაწილეს.

„ბაზფიდის“ 19 ოქტომბრის რეპორტაჟის თანახმად, მხარეები, საბოლოო ჯამში, დახმარების გაცვლაზე შეთანხმდნენ; თუმცა აშშ-მა რუსეთისგან 1 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი ღირებულების ტვირთი მიიღო, მაშინ, როცა მოსკოვს თავად 5 მილიონზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა გაუგზავნა.

ზუსტად მაშინ აშშ-მა მიიღო ვენტილატორები, რომელთა შესახებაც სააგენტოს წარმომადგენელი საუბრობს. ტელეარხი „ეი ბი სი ნიუს“ იტყობინებოდა, რომ ხელოვნური სუნთქვის 45 ვენტილატორს ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მათი მაშინვე გამოყენება შეუძლებელი იყო. რუსეთიდან გამოგზავნილი ვენტილატორები 220 ვოლტზე მუშაობს, მაშინ, როცა აშშ-ში ასეთი აპარატების მუშაობა 110 ვოლტზე ხდება.

„ბაზფიდი“, თავის მხრივ, აღნიშნავს: FEMA მაისში აცხადებდა, რომ აპარატები საწყობში იყო მოთავსებული მას შემდეგ, რაც მათ ტექნიკურ პრობლემებზე გახდა ცნობილი. ამასთან ერთად, რამდენიმე კვირაში ამავე მოდელის აპარატების გამო რუსეთის რამდენიმე საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, ხოლო მათი მწარმოებელი კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი