ახალი ამბები

ყველა კანონდამრღვევ კომპანიას დავაჯარიმებთ – გახარია კაფე-რესტორნებზე

19 ოქტომბერი, 2020 • 791
ყველა კანონდამრღვევ კომპანიას დავაჯარიმებთ – გახარია კაფე-რესტორნებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დააჯარიმებენ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციებს და საბაბად პოლიტიკურ მიზეზს იყენებენ. პრემიერის თქმით, განმეორებით შემთხვევაში მათ მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

“რამოდენიმე კომპანიამ მუშაობის გაგრძელება სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ.  პირადად გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება. მეორე შემთხვევაში ყველას წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება”, – განაცხადა გახარიამ.

მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა ეკისრება კონკრეტულ კომპანიებს და არა პარტიებს.

“ვსაუბრობთ ადამიანების ჯამრთელობაზე, სიცოცხლესა და ზოგ შემთხვევაში, როდესაც ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება კლუბებსა და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს არის კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, მათ მოეთხოვებათ უმკაცრესი პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.


ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” წევრების განცხადებით, პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებს კაფეებსა და რესტორნებში, რომლებსაც ობიექტების მეპატრონეები სიტყვიერი შეთანხმებით გადასცემენ პარტიას. საქართველოს შრომის ინსპექციის განმარტებით, აღნიშნული ობიექტები არღვევენ მთავრობის დადგენილებას და მუშაობას აგრძელებენ 22:00 საათის შემდეგ, რის გამოც დაჯარიმდნენ 10 000 ლარით. “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო ხელს უშლის პარტიას პოლიტიკური კამპანიის ჩატარებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი