ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: საერთაშორისო საზოგადოებამ ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს

19 ოქტომბერი, 2020 • 1108
ფაშინიანი: საერთაშორისო საზოგადოებამ ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიებლობა უნდა აღიაროს.

„არცახი [ყარაბაღის სომხური დასახელება] არ შეიძლება დარჩეს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ. ეს უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა“, – პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, განაცხადა ფაშინიანმა 17 ოქტომბერს France 24-თან ინტერვიუში.

ფაშინიანმა 18 ოქტომბერს ტვიტერზე განცხადებაში გაიმეორა სომხური მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც „არცახი არასოდეს ყოფილა აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი და მის ტერიტორიულ პრეტენზიებს არა აქვს არანაირი საფუძველი საერთაშორისო სამართალში“. „არ დაუშვათ გენოციდი, აღიარეთ არცახი“, – წერს ის.

„სხვათა შორის, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია ევროპაში ადგილობრივი თვითმმართველობების, საქალაქო საბჭოების დონეზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაფართოვდება“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

აზერბაიჯანისა და გაეროს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მთიან ყარაბაღსა და 7 რაიონს, რომელიც სომხეთისა და ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის კონტროლქვეშ იყო, ოკუპირებულად მიიჩნევს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გამოცხადებული აქვს, რომ აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს. „არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს“, – განაცხადა მან რამდენიმე დღის წინ.

ომის დაწყების პირველივე დღეს, 27 სექტემბერს, საგანგებო საპარლამენტო სესიაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „დიახ, ჩვენ უნდა გადავხედოთ არცახის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. ჩვენს დღის წესრიგში არის ასეთი საკითხი. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს. განვიხილავთ მოვლენათა განვითარების ყველანაირ სცენარს“.


სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს მეორე ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც 18 ოქტომბრის 00.00-საათიდან შევიდა ძალაში.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მხარეები ერთმანეთს მეორე ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ | ყარაბაღის კონფლიქტი

მასალების გადაბეჭდვის წესი