ნეტგაზეთი | WHO-ს კვლევით, რემდესივირს კოვიდპაციენტის გადარჩენის შანსებზე გავლენა არ აქვს, “გილეადი” ამას უარყოფს WHO-ს კვლევით, რემდესივირს კოვიდპაციენტის გადარჩენის შანსებზე გავლენა არ აქვს, “გილეადი” ამას უარყოფს – Netgazeti
RU | GE  

WHO-ს კვლევით, რემდესივირს კოვიდპაციენტის გადარჩენის შანსებზე გავლენა არ აქვს, “გილეადი” ამას უარყოფს

ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს კოვიდპაციენტის გადარჩენის შანსებზე ნულოვანი ან მინიმალური გავლენა აქვს: ამის შესახებ ნათქვამია “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” კვლევაში, რომლის შედეგებსაც მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია “გილეადი” არ იზიარებს.

ჯამში, ჯანმოს კვლევისას COVID-19-ის სამკურნალოდ 4 პოტენციურად გამოსადეგი მედიკამენტი გამოსცადეს. მათ შორის იყო რემდესივირი, ჰიდროქსიქლოროქინი და აივ-ჯინფექციის მკურნალობისა და მისი პრევენციისთვის საჭირო 2 მედიკამენტის კომბინაცია: ლოპინავირი და რიტონავირი. WHO-ს კვლევაში 11 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა 30 ქვეყნიდან.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ არცერთი ზემოხსენებული მედიკამენტი ახდენს მნიშვნელოვან გავლენას არც კოვიდპაციენტის სიცოცხლის გადარჩენის შანსებზე და არც იმ დროის ხანგრძლივობაზე, რომელსაც ინფიცირებული საავადმყოფოში ატარებს. WHO-ს განცხადებით, ჰიდროქსილოროქინი და ლოპინავირ/რიტონავირი კვლევას ივნისშივე გამოეთიშნენ, ვინაიდან ადრევე დამტკიცდა მათი არაეფექტურობა.

კვლევის შედეგები, რომლებიც ონლაინ გასაჯაროვდა, ჯერ არც განხილულა და არც რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულა.

როგორც BBC წერს, ჯანმოს ზემოხსენებული კვლევა ეწინააღმდეგება რემდესივირის მწარმოებელი კომპანიის, “გილეადის” მიერ ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ კვლევას. ამ უკანასკნელის შედეგების თანახმად, პაციენტებს, რომლებიც რემდესივირს იღებენ, ხუთი დღით უმცირდებათ გამოჯანმრთელებისათვის საჭირო პერიოდი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ პლაცებოს(ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე) იღებენ.

კვლევასთან დაკავშრებით შეფასებები არაერთგვაროვანია. “გილეადში” მის შედეგებს არ იზიარებენ. კომპანიის განცხადებით, კვლევა “არათანმიმდევრულად გამოიყურება” სხვა კვლევებთან შედარებით, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალშია გამოქვეყნებული და რემდესივირის სარგებლიანობას ამტკიცებენ. მისივე თქმით, WHO-ს მონაცემები შესაბამისად არ შემოწმებულა, არადა, სწორედ ეს არის “კონსტრუქციული სამეცნიერო განხილვის” დაწყების წინაპირობა.

არაერთ ქვეყანას რემდესივირი უკვე შეტანილი აქვს ახალი კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების სიაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის განიხილავს როგორც თავისი, ისე სხვა კვლევების შედეგებს და ამის შემდეგ გასცემს რეკომენდაციებს წამალთან დაკავშირებით.

მანამდე, რემდესივირს საქართველოშიც ელიან: 6 ოქტომბერს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს საქართველოში 2-3 კვირაში შემოიტანდნენ. მისი თქმითვე, სავარაუდოდ, ამავე დროში ჩამოვა მონოკლონური ანტისხეულებიც.

რემდესივირი, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში შემოვა – ცერცვაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან