15 წლის გოგო, რომელიც COVID-19-ით არის ინფიცირებული და თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში მკურნალობს, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
“[მდგომარეობა] მძიმეა, [სუნთქვის] აპარატზეა. სხვას ვერაფერს გეტყვით”, – თქვა მან.
მანამდე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდალაძემ, მედიას უთხრა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 70-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულია.
17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 16 285-სს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 4 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 128 ადამიანია დაღუპული.
დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 214-ით გაიზარდა და ჯამში, 7 827 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რიცხვმა კი, დღევანდელი მონაცემების ჩათვლით, 8 458-ს მიაღწია.