ახალი ამბები

სწავლა უნივერსიტეტებში ნახევრად ონლაინ რეჟიმით გაგრძელდება

16 ოქტომბერი, 2020 • 2264
სწავლა უნივერსიტეტებში ნახევრად ონლაინ რეჟიმით გაგრძელდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბრიდან სწავლა უნივერსიტეტების აუდიტორიებში მხოლოდ ნაწილობრივ განახლდება.

კერძოდ:

  • თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით;
  • უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად;
  • უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში;
  • გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.

19 ოქტომბრიდან სწავლა ჰიბრიდული რეჟიმით განახლდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს.

როგორც უნივერსიტეტი აცხადებს, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს ეცნობებათ დამატებით.

“გადაწყვეტილება მიღებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, მთავარი გარემოებაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დიდი საჯარო დაწესებულება, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე სემესტრში იკითხება 2813 სასწავლო კურსი”, – აცხადებს უნივერსიტეტი.

ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად იზრდება, მათ შორის, თბილისში.

აჭარა – 342, თბილისი – 277 — კორონავირუსის გავრცელება რეგიონებში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი