ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ იმედოვნებს, „სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ“; ამასთან, პომპეოს თანახმად, თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ერევა, რაც ძალადობის რისკებს ზრდის.
15 ოქტომბერს ტელეარხ WSB Atlanta-სთან საუბრისას პომპეომ თქვა, ის, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხდება, სახიფათოა, შემდეგ კი დასძინა:
„ახლა თურქები ჩაერივნენ კონფლიქტში და აზერბაიჯანს აწვდიან რესურსებს, ზრდიან რისკს, ზრდიან შეიარაღებას ამ ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს 150 000 ადამიანით დასახლებული მცირე ტერიტორიის გარშემო, რომელსაც მთიანი ყარაბაღი ჰქვია“.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაიჭრას და მესამე ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ:
„დიახ, ეს არის ხანგრძლივი კონფლიქტი. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად, მოლაპრაკებების გზით და არა შეიარაღებულად, მით უმეტეს, მესამე ქვეყნების მიერ ცეცხლზე ნავთის დასხმით“, – ამბობს მაიკ პომპეო.
„ვიმედოვნებთ, რომ სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ და მანამ, სანამ ეს [კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა] მოხდება, ისინი შეწყვეტენ ცეცხლს და შემდეგ დასხდებიან მაგიდასთან და დაალაგებენ ყველაფერს — ამ მართლაც ისტორიულ და რთულ პრობლემებს“, – განაცხადა მან.
ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა და ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, დღემდე არ შეწყვეტილა. 14 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტის მოგვარებაში პასიური როლის გამო და განაცხადა:
„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანს უნდა უთხრას, რომ არ დაუშვებს მის მცდელობებს, სამხედრო გადაწყვეტა მოუძებნოს ამ კონფლიქტს. ამასთან, ცხადად უნდა განუმარტოს სომხეთს, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო განლაგებული რეგიონები არ შეიძლება განუსაზღვრელი დროით იყოს ოკუპირებული“.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი, — რომლის ფესვებიც გაცილებით შორს მიდის, — 1988 წელს დაიწყი. ომი 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციის ქვეშაა.