ახალი ამბები

არჩევნების წინ გარეჯის თემის წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება – საპატრიარქო

15 ოქტომბერი, 2020 • 1072
არჩევნების წინ გარეჯის თემის წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის წინ წამოწევა ეკლესიას არ უკავშირდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დღეს, 15 ოქტომბერს გაავრცელა.

“დღეს, არჩევნების წინ, ამ [დავითგარეჯის] თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 23 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დავით ხიდაშელის მიერ სამინსიტროსთვის გადაცემული კარტოგრაფიული რუკები გააცნო.

“მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავითგარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამიტომც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში საპატრიარქო განმარტავს, რომ ისინი არ იჭრებიან სამართლებრივ სფეროში და “ეს მათი თემა არ არის”. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ “დავითგარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე”.


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროდან მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ბრალდებას არც ერთი კარტოგრაფი არ აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი დღეს, 15 ოქტომბერს, ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო და კომისიის ყოფილი წევრები პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი