ახალი ამბები

კოვიდსასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო 41 წლის ქალი დაიღუპა

15 ოქტომბერი, 2020 • 1822
კოვიდსასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო 41 წლის ქალი დაიღუპა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში, 41 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.

სამინისტროს განმარტებით, ინფიცირებული ქალი იმავე დღეს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.

„პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“,-აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ასევე 55 წლის ქალი,რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ფილტვების ანთება ჰქონდა, თუმცა კლინიკის ნაცვლად ასევე კოვიდსასტუმროში იყო გადაყვანილი. ქალის მდგომარეობა 24 საათში დამძიმდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გადაჰყავთ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები კლინიკებში და რატომ ტოვებენ მათ სასტუმროებში, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი პაციენტების მდგომარეობა არ იყო შეფასებული როგორც კრიტიკული.

მასალების გადაბეჭდვის წესი