ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თურქული დრონებით სომხეთის 1 მილიარდი დოლარის ტექნიკა გავანადგურეთ”- ალიევი

15 ოქტომბერი, 2020 • 2735
“თურქული დრონებით სომხეთის 1 მილიარდი დოლარის ტექნიკა გავანადგურეთ”- ალიევი

“რა თქმა უნდა – ეს შეიარაღება არის თანამედროვე, წინ წასული. მხოლოდ დრონების დახმარებით, რომელიც თურქეთისგან შევიძინეთ, სომხეთის ერთი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გავანადგურეთ”, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი «France 24»-სთან ინტერვიუში, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო apa.az ციტირებს.

ილჰამ ალიევის განცხადებითვე, აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებში ასევე იყენებს სხვა ქვეყნებისგან ნაყიდ დრონებსაც.

“ჩვენ ვიყენებთ არტილერიას, მრავალრიცხოვან სამხედრო დანადგარებს. თუმცა მხოლოდ დრონებმა სომხეთს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მოუტანა, რაც დიდი დანაკარგია მათთვის. მე ის მაინტერესებს, საიდან იშოვეს ამდენი ფული მსგავსი აღჭურვილობის საყიდლად. სავარაუდოდ, ისინი უფასოდ მიიღეს”.

27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური ბაქო პერიოდულად იუწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე განახლებულ ინფორმაციას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი