ახალი ამბები

116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია

14 ოქტომბერი, 2020 • 1909
116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია

ბოლო მონაცემებით, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში ,,აჭარა” 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გვიდასტურებს. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილეს” ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის, დათო ჯაიანის თქმით, მან არ იცის, ზუსტად რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამკერვალო ფაბრიკაში, თუმცა გვითხრა, რომ ეს ციფრი 50-ს არ უნდა სცდებოდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაცემები ჯერ ისევ დგინდება რეგიონის მასშტაბით და ზუსტ ინფორმაციას ვერ გასცემენ, რამდენი ადამიანია ინფიცირებული უშუალოდ ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში.

დირექტორის ინფორმაციით, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში 1200 ადამიანია დასაქმებული. ფაბრიკა კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ, დღეს დაიკეტა, მას შემდეგ, რაც იქ კოვიდ 19 დაუდასტურდათ დასაქმებულებს.

საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 7159,  გარდაცვლილია 109 ინფიცირებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი