ახალი ამბები

“პირბადე უკვე ღია სივრცეებშიც ატარეთ” – გამყრელიძის მოწოდება

14 ოქტომბერი, 2020 • 2679
“პირბადე უკვე ღია სივრცეებშიც ატარეთ” – გამყრელიძის მოწოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსმა მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და პროგნოზით, გაზაფხულამდე კიდევ მილიონი ადამიანი გარდაიცვლება.

“არასწორია მოარული აზრი, რომ არ არსებობს კორონა, რომ ის მოგონილია და გრიპივითაა და მალე გაივლის… ჯერ ერთი, გრიპი სერიოზული დაავადებაა. მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე ამ დაავადებამ [კორონავირუსმა] და, სამწუხაროდ, პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე კიდევ ერთი მილიონი… ანუ ის იქნება უფრო მეტი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარაია, ჰეპატიტი – ეს არის ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელები. კორონა მათ გადაასწრებს. ვაქცინის დამტკიცების შემდეგაც, ვაქცინაციას დრო დასჭირდება, სანამ 5-6 მილიარდ ადამიანს მაინც აცრი. ასე რომ, სანამ იქნება ვაქცინაცია და წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ყველგან და მათ შორის, საქართველოში უარესდება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ, რადგან ქვეყანას ძალუძს, ვირუსის მეორე ტალღას გაუმკლავდეს.

“დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება გახლავთ პირბადე. დღეს უკვე, როცა ინფიცირების სერიოზული მატება გვაქვს, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ შენობებშიც და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ 2-მეტრიან დისტანციას. მაგრამ მე მაინც მოგიწოდებდით, რომ ამ ცივ პერიდოში, უკვე ღია სივრცეებშიც ყველამ ატარეთ პირბადე. პირბადე 50-დან 65%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს, ხოლო თუ ჩვენ ორს გვიკეთია პირბადე და ერთმანეთთან მეტრ-ნახევარ დისტანციაზე ვდგავართ, გადაცემის შანსი არის 1%”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დიდი შეკრებებისგან.

14 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 38 375 848 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 1 091 046 ადამიანი. საქართველოში დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521-ს მიაღწია.

გამოვლინდა კორონავირუსის 680 შემთხვევა, გარდაიცვალა – 7 — 14 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი