ახალი ამბები

საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე საწოლი იქნება მობილიზებული – ტიკარაძე

14 ოქტომბერი, 2020 • 755
საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე საწოლი იქნება მობილიზებული – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამინისტრო გეგმავს კოვიდმიმღები კლინიკების რაოდენობის გაზრდას, რისი მეშვეობითაც 2 000-მდე საწოლის მობილიზება მოხდება.

როგორც დღეს, 14 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ დროისთვის კლინიკებში მობილიზებულია 3 500-მდე საწოლი და 6 000-ზე მეტი Covid-19-ის აქტიური შემთხვევიდან სტაციონარში 2 200-მდე პაციენტი მკურნალობს.

“ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლების მოცულობა გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და მობილიზებული იქნება საჭიროების შემთხვევაში 2 000-მდე საწოლი. ამ დროისთვის მხოლოდ კლინიკებში განთავსებულია 2 200-მდე პაციენტი და ისინი გადიან ინტენსიურ მკურნალობას კოვიდის მიმართულებით კლინიკის სივრცეში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პაციენტები, დაინფიცირებასთან ერთად, ასევე გამოჯანმრთელდებიან ხოლმე. ჩვენ მხოლოდ აჭარაში გუშინ 207 გამოჯანმრთელებული გვყვავდა. ამას ჯანდაცვის სისტემაში საწოლბრუნვას ეძახიან. აქედან გამომდინარე, ინფიცირებულების მატება აუცილებელ შემთხვევაში საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. ამ ეტაპისთვის 3 500-მდე საწოლი გვაქვს მოვბილიზებული და, როგორც გითხარით, 2 200-მდე პაციენტი გადის მკუნალობას [კლინიკებში]”,-აცხადებს ტიკარაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521-ს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, 292-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 159.  შედეგად, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის  6 362 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი