ახალი ამბები

განახლებული გაიდლაინი და მობილური ჯგუფები — რა იცვლება COVID-19-ის მართვაში

13 ოქტომბერი, 2020 •
განახლებული გაიდლაინი და მობილური ჯგუფები — რა იცვლება COVID-19-ის მართვაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები შედის საქართველოში COVID-19-ის მართვაში. ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა, სადაც შეაფასეს არსებული ვითარება და, შესაბამისად, მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება.

კერძოდ, ცერცვაძის ინფორმაციით:

  1. განახლდა COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი არსებული მონაცემებისა და თანემდროვე მიდგომების შესაბამისად. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ყოველდღიურად გროვდება ახალი ცოდნა კორონავირუსთან ბრძოლაში და აუცილებელია, რომ გაიდლაინებიც ამის მიხედვით განახლდეს. COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
  2. გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის/ბრიგადის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და სამინისტროს წარმომადგენელი. როგორც თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია პრაქტიკოსი ექიმი, რომლებსაც კოვიდის მართვის გამორცდილება აქვთ. 5 მობილური ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ერთი – იმერეთში, სამი ჯგუფი კი იმუშავებს თბილისში.

როგოროც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, ამ მობილურ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია: ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს კლინკების ძლიერ და სუსტ მხარეებს და მერე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ინსპექტირებით, არამედ ადგილზე გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას ექიმებს.

ცერცვაძის ცნობით, მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნის წინაპირობა გააჩინა ბოლო 2-3 კვირის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდამ.

“საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები. შედეგს საქართველო იგრძნობს ერთ კვირაში”, — აღნიშნავს ცერცვაძე. მისივე განცხადებით, მობილური ჯგუფების შექმნა ძირითადად გამოიწვია შემთხვევების ზრდამ და ასევე, კოვიდის მართვაში, ჯამში, 35 კლინიკის ჩართვამ. პირველ ეტაპზე კოვიდპაციენტებს მხოლოდ 11 კლინიკა იღებდა.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 12 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 102 ადამიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი