“მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების გატარება სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე, სომხეთის მიმართულებით. შესაბამისად, სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით არ ხორციელდება”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
დარსალიას განცხადებით, ყველა ფრენა, რომელიც საქართველოს გავლით ხორციელდება, არის ჰუმანიტარული ხასიათის და სრულიად შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს სტანდარტებს.
“მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებეში გააქტიურდა მანიპულირება, რომ თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით. კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, რომ სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ბოროტად არ გამოიყენოს ჰუმანიტარული დერეფნები”, – განაცხადა დიპლომატმა.
დარსალიამ განაცხადა, რომ დარღვევებისა და უტყუარი მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს პასუხი მოეთხოვებათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, ICAO-ს წინაშე.
მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს გავლით ხდებოდა სამხედრო ტვირთის გადატანა კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში. მან აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გადატანა შეჩერებული იყო როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით.
27 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ყალბი ინფორმაცია. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ.