ახალი ამბები

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ ინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფები

13 ოქტომბერი, 2020 • 1243
როგორ მისცემენ ხმას კოვიდ ინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფები

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მათ მოამზადეს წინადადება, თუ როგორ მისცემენ ხმას 31 ოქტომბრის არჩევნებზე კოვიდინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელსაც დღეს პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზებენ. ამის შესახებ ჟვანიამ “მთავარი არხის” დილის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეს წესი კვირის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.

“რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, ესენი იქნებიან სტაციონარში თუ, ამავდროულად, შეიძლება საკარანტინო სივრცეებშიც იყვნენ, ასევე პირებს, რომლებიც კარანტინში არიან და ჩვენ ვიცით, რომ არიან პირებიც, რომლებიც თვითიზოლაციაშია არიან გაბნეულნი.

ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და მთავარი არგუმენტი იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა. რთულია, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასაც უკავშირდება, მაგრამ ჩვენი დღევანდელი შეთავაზება, რომელსაც სულ რამდენიმე საათში პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად გავივლით, არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და, ამავდროულად, ვინც ბინაზე არიან, ეს შეიძლება იყოს კოვიდინფიცრებული ან თვითიზოლაციის რეჟიმში, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთით”, – განაცხადა ჟვანიამ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი