ავსტრალიელი მეცნიერების დასკვნით, ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, გარკვეულ ზედაპირებზე 28 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. მათ შორის ისინი ასახელებენ მობილური ტელეფონის ეკრანს, უჟანგავ ფოლადს, ვინილსა და ქაღალდის ბანკნოტებს.
“გარდიანის” თანახმად, კვლევა, რომელიც ავსტრალიის “მეცნიერების ეროვნულმა სააგენტომ” ჩაატარა, აჩვენებს, რომ Sars-CoV-2 დაბალი ტემპერატურის პირობებში უფრო დიდხანს ცოცხლობს. ის უფრო დიდხანს ძლებს ქაღალდის ბანკნოტებზე, ვიდრე პლასტიკურზე, მეორე მხრივ კი, უფრო დიდხანს ნარჩუნდება გლუვ ზედაპირებზე, ვიდრე – ფოროვანზე, როგორიცაა ბამბა.
მეცნიერები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტი ბნელ ადგილას, ლაბორატორიულ პირობებსა და ოთახის ტემპერატურაზე, ულტრაიისფერი გამოსხივების არარსებობის პირობებში ჩატარდა. მკვლევართა ჯგუფის წევრის, პიტერ კოლინგტონის თქმით, ულტრაიისფერი სხივები ჩვეულებრივ ამცირებენ ვირუსის სიცოცხლისუნარიანობას ზედაპირებზე.
“ამიტომაცაა, რომ ღია სივრცე მეტად უსაფრთხოა, ვიდრე დახურული, ვინაიდან იქ ულტრაიისფერი გამოსხივებაა…”, – ამბობს ის.
სხვა საკითხია, რამდენად დიდ როლს ასრულებს ზედაპირები ვირუსის გადაცემისას. ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალი კორონავირუსი დაცემინებით, დახველებით ან საუბრისას გადადის. ამას ამბობს კოლინგტონიც და აღნიშნავს, რომ გადაცემის გზებიდან ზედაპირებზე 10%-ზე მეტი არ მოდის.
“მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უკეთესია, დაიბანოთ ხელი, ვიდრე თქვენს სახეს შეეხებით”, – ამატებს ის.
მეცნიერთა თქმით, კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელების ხშირი დაბანისა და ზედაპირების გაწმენდის აუცილებლობას. შედარებისთვის, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 17 დღის განმავლობაში ცოცხლობს.
