ახალი ამბები

ჩინეთი 9-მილიონიანი ქალაქის COVID-19-ზე სრულად ტესტირებას 5 დღეში გეგმავს

12 ოქტომბერი, 2020 •
ჩინეთი 9-მილიონიანი ქალაქის COVID-19-ზე სრულად ტესტირებას 5 დღეში გეგმავს

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში, სადაც 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, COVID-19-ზე მოსახლეობის სრული ტესტირება ხუთი დღის ვადაში იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მასობრივი ტესტირება უკავშირდება ათობით  შემთხვევას, რომელიც ქალაქში მდებარე საავადმყოფოში დადასტურდა.

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა ჩინეთი ტესტირებით მოიცავს მთელი ქალაქის მოსახლეობას. ჯერ კიდევ მაისში პანდემიის ეპიცენტრ ქალაქ ვუჰანში 11 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება 10 დღის ვადაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ცინდაოში ახალი კორონავირუსის 6 ახალი და 6 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა და ყველა მათგანი ერთ საავადმყოფოსთან იყო კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კლასტერები დიდი არაა, ჩინეთის ხელისუფლება მასობრივი ტესტირების სტრატეგიას მაინც მიჰყვება.

როგორც BBC წერს, ტესტირების პროგრამა უკვე დაიწყო და ქალაქის 5 დასახლების მოსახლეობის ტესტირება 3 დღეს გასტანს, მთელი ქალაქის მოცვას კი 5 დღე დასჭირდება.

ამასთან, 114 862 ადამიანი, მათ შორის, სამედიცინო პერსონალი და ახლად ჰოსპიტალიზებული პაციენტები, ვირუსზე უკვე გაიტესტნენ და უარყოფითი შედეგი დაუდგინდათ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთში ამჟამად ვირუსის 85 578 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 4 634 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი