ახალი ამბები

ხაბეიშვილის შტაბის წევრის თქმით, მას პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ

12 ოქტომბერი, 2020 • 842
ხაბეიშვილის შტაბის წევრის თქმით, მას პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრის, ლევან ქართველიშვილის თქმით, მას თავს დაესხნენ, რადგან ენმ-ის საარჩევნო ნომრიანი მაისური ეცვა. როგორც ქართველიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, შემთხვევა გუშინ, 11 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩის მიმდებარედ მოხდა.

ქართველიშვილის თქმით, მან ვერ მაოხერხა თავდამსხმელების იდენტიფიცირება, რადგან არ იცნობდა. ამასთან, შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.

“მოვდიოდი ქუჩაში, კორპუსთან ვიყავი, უნდა ავსულიყავი ცენტრალურ გზასთან. ამ მომენტში წინიდან შემხვდა ორი პირი. მე მეცვა 5-ნომრიანი მაისური. მითხრეს, “მაგათ გვერდზე როგორ დგახარ, ბიჭოო” და ერთმა დამარტყა. მეორემ ხელი მკრა და წავიქეცი, სახე დავარტყი. მე რომ წავიქეცი, ისინი გაიქცნენ”, – განმარტა ქართველიშვილმა.

ქართველიშვილის განცხადებით, მას პოლიცია ადგილზე ყოფნისას არ გამოუძახებია, ჯერ სახლში წავიდა და მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა, მისმა ახლობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მასთან ერთად კი პოლიციაც მოვიდა.

ქართველიშვილის თქმით, პოლიციამ ოქმი ადგილზე შეადგინა, დღეს კი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავართან” კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმაც. მისი თქმით, არ სჯერა საგამოძიებო უწყებების, რადგან, როგორც თავად ამბობს, მსგავს ფაქტებზე ადამიანების დასჯის “პრეცედენტი თითქმის არ ახსენდება”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი