ახალი ამბები

“COVID-19-ის ვაქცინა რომ დამტკიცდება, საქართველო 700 ათასამდე დოზას მიიღებს” – გამყრელიძე

12 ოქტომბერი, 2020 • 1702
“COVID-19-ის ვაქცინა რომ დამტკიცდება, საქართველო 700 ათასამდე დოზას მიიღებს” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო დაახლოებით 600-700 ათას დოზას მიიღებს.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანას  ოფიციალური განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და როგორც კი იმ 4-5 ვაქცინიდან, რომელთა მესამე ფაზის კვლევები უკვე მთავრდება, ერთ-ერთი დამტკიცდება, საქართველო ეტაპოვრივად ვაქცინის აღნიშნულ ოდენობას მიიღებს. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნოს დასაწყისში მოხდება:

“მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVID-19-ის ვაქცინის პლატფორმაზე. საქართველოს ოფიციალური განაცხადი გაკეთებული აქვს და როდესაც ერთ-ერთი რომელიმე იმ 4-5 ვაქცინიდან, სადაც მთავრდება უკვე მესამე ფაზის კვლევები, დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებეი ორგანოების, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ, საქართველო შესაბამისად მიიღებს დაახლოებით 600-700 ათას დოზას თანდათანობით. ეს, დიდი ალბათობით, იქნება წლის ბოლოს ან მომავალ წელს, როდესაც COVID-ზე ვაქცინაცია დაიწყება მთელ მსოფლიოში”, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი- სხვებისთვის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში Covid 19-ის 12 272 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 6 538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 გარდაიცვალა.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 1393.

მასალების გადაბეჭდვის წესი