ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს უთხრა მათგან 2 პაციენტი აჭარაში, ერთი კი იმერეთში გარდაიცვალა.
ჟურნალისტის კითხვაზე რატომ გაიზარდა ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ენდელაძე პასუხობს, რომ პაციენტების მატებასთან ერთად როგორც წესი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იზრდება, მეტიც ამბობს, რომ მთლიან დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი არ არის.
“პირველ სექტემბრამდე თითქმის ექვს თვეზე მეტი 1510 კორონავირუსის შემთხვევა გვქონდა. მათგან გარდაცვლილი იყო 19 პაციენტი. ახლა თუ ჩვენ შემთხვევების რაოდენობას გარდაცვალების რაოდენობას შევადარებთ, მატება ეს არ არის. უბრალოდ პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, შესაბამისად, მოიმატა სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც. მინდა გითხრათ რომ პროცენტულად ძალიან დაბალი სიკვდილიანობა გვაქვს,”-აცხადებს ენდელაძე.
დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 794 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა 6 327 პაციენტი.