საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება. შესაბამისი განცხადებები ქვეყნის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ოქტომბერს გაავრცელეს.
“[სამინისტრო] იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნავს სამინისტრო.
ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება სალომე ზურაბიშვილის და მოუწოდებს მხარეებს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
“მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის”, – წერს ის “ტვიტერზე”.
მოსკოვში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თითქმის 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სომხეთი და აზერბაიჯანი, ამ ეტაპზე ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან.
განცხადების ტექსტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდებოდა. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.