ბეირუთში, ქალაქის დასავლეთით მდებარე დასახლებაში, საწვავის ავზის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება 9 ოქტომბრის საღამოს, ერთ-ერთ შენობაში განთავსებული საცხობის სარდაფში მოხდა, რასაც ოთხი ადამიანი შეეწირა, 30 კი – დაშავდა.
მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე დაუზუსტებელია. მეხანძრეებმა სწრაფად დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები, შემდგომ კი საცხოვრებელ ბინებში მყოფ მოქალაქეებს შენობის უსაფრთხოდ დატოვებაში დაეხმარნენ. ადგილზე მობილიზებული იყო არმიაც.
ცნობების თანახმად, აფეთქების ხმა მთელმა ქალაქმა გაიგო. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, განხორციელდა სხვა, ახლომდებარე შენობების ევაკუაციაც.
#Lebanon – I am told that a gas tank exploded in Tarik Jdide area/ #Beirut in a residential neighborhood next to a bakery. No casualties reported yet.
Friends reported their buildings shook when it happened.
Lebanese really need a break. pic.twitter.com/JNLlwawgRG
— Luna Safwan – لونا صفوان (@LunaSafwan) October 9, 2020
“გარდიანის” თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირაა, ადგილობრივი ხელისუფლება ეძებს უკანონო საწყობებს, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ქალაქის გუბერნატორის, მარვან აბუდის თქმით, ხელისუფალნი შიშობდნენ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდებოდა.
ზემოაღნიშნული შემთხვევა მოხდა 2 თვის შემდეგ ბეირუთის პორტის კატასტროფული აფეთქებიდან, რომელსაც 203 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი – დაშავდა. როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქდა ადგილზე 6 წლის წინ დასაწყობებული და უყურადღებოდ მიტოვებული ამონიუმის ნიტრატი. როგორც პორტი, ისე ახლომდებარე კვარტლები, მთლიანად დაინგრა. რამდენიმე კვირის წინ პორტის ტერიტორიაზე ხანძარი ისევ გაჩნდა.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბეირუთში ტყის ხანძრების მასშტაბებიც იზრდება.
ფოტო გარეკანზე: The Daily Star Lebanon News