ახალი ამბები

OSCE/ODIHR 31 ოქტომბრის არჩევნებს შეზღუდული მისიით დააკვირდება

10 ოქტომბერი, 2020 •
OSCE/ODIHR 31 ოქტომბრის არჩევნებს შეზღუდული მისიით დააკვირდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოში, მოლდოვასა და უკრანაიში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ამცირებს.

ეუთო აცხადებს, რომ წევრ ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, არჩევნების დღისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის მოკლევადიან დამკვირვებლებს ვეღარ მიავლენს. OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ეწვია, მოკლევადიანი მისია კი არჩევნების დღისთვის უნდა ჩამოსულიყო.

“საგანგებო გარემოებები, რომელიც გამოწვეულია კოვიდ პანდემიით განპირობებული აკრძალვებით მოგზაურობაზე, ნეგატიურად აისახა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მისიაში. ამან  მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა, რაც შეუძლებელს ხდის არჩევნების დღეს პროცედურებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საკმარისი რაოდენობით მოკლევადიანი დამკვირვებლის განთავსებას, მით უმეტეს, პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სირთულეების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, OSCE/ODIHR-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმატი ლიმიტირებული მისიით ექსპერტებისა და გრძლევადიანი დამკვირვებლების მონაწილეობით”, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა არჩევნებზე. როგორც წესი, ODIHR-ს უერთდებიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის დელეგაციები. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია წინასწარ შეფასებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

მანამდე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) გეგმავდა, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოეგზავნა.

NDI-ის საერთაშორისო მისია არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში დააკვირდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი