ახალი ამბები

ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს – გამყრელიძე

9 ოქტომბერი, 2020 • 1027
ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე მიმდინარეობს მსჯელობა ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ 12 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები.

“ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მიმდინარეობს მსჯელობა. იმედი მაქვს, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ რა ტიპის და როგორი იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, ან იქნება თუ არა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მოგვიანებით, იმავე პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ განმარტება გააკეთა შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

“ბევრი კითხვა ისმება შეზღუდვებთან დაკავშირებით და მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო – ზოგადად, კორონავირუსის მართვის პოლიტიკა შეიცვალა. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება, მაგრამ სადაც საჭიროა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10752 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მასალა განახლდა ამირან გამყრელიძის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტებით.

9 ოქტომბერი: კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი