ახალი ამბები

ვწუხვართ, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას – PACE-ს მომხსენებლები

9 ოქტომბერი, 2020 • 882
ვწუხვართ, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას – PACE-ს მომხსენებლები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ეხმაურებიან ვენეციის კომისიის მიერ დასკვნას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

PACE-ს თანამომხსენებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით გადამწყვეტი საკითხები კვლავ გადაჭრას საჭიროებს.

“ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას დასკვნისათვის აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი იქნებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის გამოთქმული რეკომენდაციები და პრობლემური საკითხები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გამოვთქვათ წუხილი, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო”, – ნათქვამია საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების განცხადებაში.

“ვენეციის კომისიამ” საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტზე მოსაზრების მომზადების თხოვნით კომისიას 22 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხს არ დაელოდა და 30 სექტემბერს პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რაზეც ვენეციის კომისია წუხილს გამოთვამს.

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი