“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც პარტიის ცნობით, “ქართული ოცნების” საარჩევნო აგიტატორი საჯარო სამსახურში ამომრჩევლების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
აღნიშნული ჩანაწერი ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა, თუმცა მისი ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
“თუ ვინმე მცნობს, მეუბნება, ვის აძლევს ხმას, თუ არადა, ყველა ამბობს, “არ გადამიწყვეტიაო”. მე თოფით მადგანან, რომ უნდა ამოვიღო ხმები. აგრესიულად არავინ… პირადად არავინ ჩხუბობს და აგრესიულად არავინ არ არის განწყობილი, მაგრამ “ეგ ჩვენ ვიცით, ვის მივცემთ ხმასო” და იმათთან [შტაბში] რომ მიმაქვს ასეთი პასუხები, მეუბნებიან, “არა, როგორმე უნდა ამოქაჩო, ვის აძლევს ხმას”… წინასწარ ხომ ითვლიან ესენი, მოიგებენ თუ წააგებენ…”, – ამბობს ჩანაწერში მოქალაქე, რომელიც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, “ოცნების” აგიტატორია.
ამავე საუბრის მიხედვით, ჩანაწერის ფიგურანტი ამბობს, რომ “წინა” დათვლისას “ქართული ოცნება” ვერ იგებდა არჩევნებს და ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ, რის შემდეგაც საჯარო სამსახურებში მომუშავე ხალხის იდენტიფიცირება მოახდინეს, შემდეგ კი აგიტატორებს დაავალეს, რომ აღწერონ ისინი, ვინც სამთავრობო სამსახურშია და სხვა პარტიას აძლევს ხმას, რათა შემდეგ “სამსახურში დაამუშაონ”.
“მყავდა ჩემს კორპუსში ერთი ოჯახი, არ მეუბნებოდნენ… რამდენჯერაც მივედი, სხვა პარტიას ვაძლევთ ხმას, სხვა პარტიასო, გუშინ რომ მივედი, უკვე 41-ები მითხრეს, ალბათ, იმუშავეს სამსახურში, ვიღაც მიუგზავნეს ან რაღაც და უკვე 41-ები მითხრეს”, – ამბობს “ქართული ოცნების” აგიტატორი.
ჩანაწერში არაიდენტიფიცირებული ხმა ასევე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ადამიანებმა აზრი თვითონ შეიცვალონ და ამის შესახებ მას შტაბშიც ეუბნებიან. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ “იმასაც ხვდებიან იქ, [არჩევნებზე] ვინ რას გააკეთებს”.
“ამათ უნდათ გაგება, წინასწარ რა სიტუაცია ექნებათ, რომ კიდევ იმუშაონ ხალხზე”, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც ხაბეიშვილის თქმით, “ოცნების” აგიტატორისა და ერთ-ერთი ამომრჩევლის საუბარს აღწერს.
ხაბეიშვილის თქმით, ჩანაწერი სამგორშია გაკეთებული და პასუხისმგებლობას ისანში “ქართული ოცნების” შტაბის უფროსს, ლევან სოხაძეს და სამგორის რაიონში მმართველი პარტიის მაჟიროტარი დეპუტატობის კანდიდატს, სოზარ სუბარს აკისრებს.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად “ქართული ოცნების” პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და თუ საპასუხო კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტენ, გაავრცელებენ. კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ არც შსს-ში, რომელსაც ვკითხეთ, იგეგმება თუ არა ამ ფაქტის შესწავლა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, კონკრეტული ჩანაწერის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ ავთენტურობა, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს გამოძიება, გამოიკითხოს ის ადამიანი, ვინც ჩანაწერში საუბრობრობს და დადგინდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს საუბრისას, მაგალითად, სიტყვებში “სამსახურში დაამუშავებენ”.
მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიებს თან სდევს ხოლმე ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფაქტები.
“წინასაარჩევნოდ ზეწოლისა და მუქარის ფაქტები ხშირია, ამ მხრივ კი განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს სწორედ საჯარო მოხელეები წარმოადგენენ, ხშირად სკოლების და ბაღების მასწავლებლები აქტიურად არიან ხოლმე ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე აჩენს ეჭვს, რომ ისინი ასეთ საქმიანობას სწორედ ზეწოლის ქვეშ ახორიცელებენ. ეს ადამიანები ძალიან უფრთხიან სამსახურების დაკარგვას. გვაქვს ხოლმე ინფორმაციებიც, რომ ოჯახის წევრების სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან ხოლმე”, – განმარტავს ნიჟარაძე. თუმცა მისი თქმით, როგორც წესი, საარჩევნო პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ძალიან ძნელია ხოლმე კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, რადგან, როგორც წესი, ისინი თავს იკავებენ საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან, იმ მიზეზით, რომ ეშინიათ ზეწოლის, სამსახურის დაკარგვის და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის”.