ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქული F-16-ები არის ადგილზე, მაგრამ არ გამოგვიყენებია – ალიევი

9 ოქტომბერი, 2020 • 1152
თურქული F-16-ები არის ადგილზე, მაგრამ არ გამოგვიყენებია – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის განთავსებული რამდენიმე თურქული გამანადგურებელი F-16, რომლებიც თურქეთთან საერთო წვრთნების დროიდანაა ადგილზე, თუმცა ისინი არ გამოუყენებიათ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ სომხეთის არმიის კუთვნილი რეაქტიული თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდო აზერბაიჯანის (კერძოდ კი, განჯის) საჰაერო ბაზიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, F-16-მა („გამანადგურებელმა შევარდენმა“). სამინისტროს რაიმე დამადასტურებელი მასალა არ გაუვრცელებია.

აზერბაიჯანის მხარემ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგალიმ განაცხადა, რომ „სომხეთის კუთვნილი სუ-25-ის ჩამოგდება F-16-ის მიერ არის სომხური სამხედრო პროპაგანდის მანქანის მიერ  შექმნილი კიდევ ერთი ფანტაზია“.

ამის შემდეგ, 7 ოქტომბერს, The New York Times-ის ვიზუალურ გამოძიებათა გუნდმა დაწერა, რომ მათ მიერ სატელიტური ფოტომასალის ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ 3 ოქტომბერს განჯის აეროპორტში მინიმუმ 2 თურქული გამანადგურებელი F-16 იდგა.

9 ოქტომბერს CNN-ის ეთერში ჟურნალისტმა ამის შესახებ კითხვა დაუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც პასუხად განაცხადა:

„F-16-ები აზერბაიჯანში ჩამოტანილ იქნა სამხედრო წვრთნებისას. გასულ წელს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ჩაატარეს 10 ერთობლივი სამხედრო სწავლება. თურქეთი ჩვენი პარტნრიორია და ხშირად ვატარებთ სამხედრო წვრთნებს, მათ შორის, საჰაერო ძალებისთვის… F-16-ები არის ადგილზე, მაგრამ ისინი არ გამოგვიყენებია და არანაირიად არ იღებენ მონაწილეობას რაიმე სახის ბრძოლაში“.

ალიევმა გაიმეორა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც სუ-25-ის ჩამოგდება F-16-ის მიერ „არის სიყალბე“ და ამ ბრალდების გამო სომხეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი