ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

29 სექტემბერი, 2020 • 1250
ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების მიერ უკანასკნელი, 29 სექტემბრის დილის გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამადაც გრძელდება ყარაბაღში ინტენსიური საომარი მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო.

“29 სექტემბერს, დილის საათებიდან აზერბაიჯანის არმია ქალაქ ფიზულის გათავისუფლების მიზნით საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს.  07.00 -დან 08.00- საათამდე სომხური მხარის კიდევ ოთხი ტანკი გაანადგურეს ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის განადგურების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარეც.

“სხვადასხვა ინტესივობის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რამდენიმე მიმართულებით სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმები დააფიქსირეს და ცაკლეულ მონაკვეთებზე სადამსჯელო მოქმედებებით უპასუხეს, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა როგორც ადამიანური, ასევე, ტექნიკის სახით”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე.

ბრძოლა ყარაბაღში; ფოტო: ფეისბუკიდან – Սիփան Գյուլումյան/სიპან გულუმიანი

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, 27 სექტემბრის შემდეგ რამდენიმე ათეული სამხედროა გარდაცვლილი და რამდენიმე ასეული დაშავებული.

ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და ირანმა. უკიდურესი შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მხარეებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლებამ, თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი