ახალი ამბები

არის საფრთხე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირებები გახშირდეს – ივანიშვილი

8 ოქტომბერი, 2020 • 1003
არის საფრთხე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირებები გახშირდეს – ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, არის შანსი, რომ დაპირისპირებები გახშირდეს.

განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, ნათქვამია, რომ როგორც პარტია, ასევე ბიძინა ივანიშვილი ძალადობას გმობს. საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის კი მნშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს.

ივანიშვილი ასევე საუბრობა „რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებზე“ და ამბობს:

„ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს.

უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.

როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ – პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მინდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს – ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი განცხადებაში ამბობს: „ოცნება“ ყოველთვის ემიჯნებოდა ძალადობას,რაც მისი ხელწერაა. მისივე თქმითვე, პარტიას ყველა კვლევის თანახმად საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს.

„ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს ივანიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება

2020…

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on Thursday, 8 October 2020


29 სექტემბერს, საღამოს საათებში, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს; ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

ნახიდურსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე 4 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი