ნეტგაზეთი | უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები — კობახიძე ელჩ გიგიაძის განცხადებაზე უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები — კობახიძე ელჩ გიგიაძის განცხადებაზე – Netgazeti
RU | GE  

უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები — კობახიძე ელჩ გიგიაძის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის მხრიდან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მხარდამჭერი განცხადებით დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები “უხეშად დაირღვა”.

“ეს ალბათ გადასამოწმებელია, მაგრამ როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, მინიმუმ უნდა იყოს ჯერ მისი მხრიდან ფაქტები გადამოწმებული და მეორე – კომუნიკაცია უნდა შედგეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა, აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები”, — განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

საქართველოს ელჩმა დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საჯაროდ და მისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდული უწოდა.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – დაწერა გიგიაძემ სოციალურ ქსელში.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს – საქართველოს ელჩი დანიაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი