ახალი ამბები

მელაშვილს და ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

8 ოქტომბერი, 2020 • 1752
მელაშვილს და ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით ოფიციალურად წარუდგინა. პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

“ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა შექმნა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე, დაახლოებით, 3 500 ჰექტრის ოდენობით. რაც შეეხება ამ საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო ქმედება არის ჩატარებული სისხლის სამართლის საქმეზე. დაკითხულია ათეულობით მოწმე.

ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად საქართველოს მიკუთვნებულ საზღვრებს და ტერიტორიებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ეს კარტოგრაფიული მასალა განზრახ დააიგნორეს”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა გუშინ, 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ ედავება, რომ სადელიმიტაციო კომისიაში მუშაობის დროს საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელაშვილს და ილიჩოვას 10-დან15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი