ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საერთაშორისო საზოგადოებამ ყარაბაღი უნდა აღიაროს” – ფაშინიანი

8 ოქტომბერი, 2020 •
“საერთაშორისო საზოგადოებამ ყარაბაღი უნდა აღიაროს” – ფაშინიანი

“ასეთ სიტუაციაში საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Euronews-თან ინტერვიუში.

“კონფლიქტის ზონაში ტერორისტული დაჯგუფებები არიან ჩართული, რომლებიც აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან და თურქეთის მიერ არიან საომარ მოქმედებებში ჩართული. ამის გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღის სომხების არსებობის საკითხი ამჟამად საფრთხის ქვეშაა, რადგან არწახის [მთიანი ყარაბაღის] დასახლებული პუნქტები, მათ შორის დედაქალაქი სტეპანაკერტი მუდმივად იბომბება”, – აცხადებს ფაშინიანი.

იქამდე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სწორედ იმის გამო, რასაც აზერბაიჯანი ყარაბაღში აკეთებს, ყარაბაღი არასოდეს იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

რაც შეეხება თავად სომხეთის მიერ ყარაბაღის შესაძლო აღიარებას [როგორც ფაშინიანმა ამის შესახებ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ განაცხადა], სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ამჟამად საუბარი რთულია, რადგან ჯერჯერობით ერევანში არ იციან, როდის შეიძლება დადგეს ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შეიძლება სომხეთმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს.

თუ სომხეთი აღიარებს ყარაბაღს, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ – აზერბაიჯანის ელჩი

„თუ სომხეთმა დაუშვა ყარაბაღის აღიარება, ეს იქნება ნავთის ცეცხლზე დასხმა, აზერბაიჯანს გაეხსნება ხელი, რომ კიდევ უფრო მეტად შეუტიოს და არ გაჩერდეს. ამ შესაძლო ფორმალური აღიარებით მას ეძლევა კიდევ ერთი არგუმენტი, რომ დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონფლიქტის მასშტაბებს“ , – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა და შერიგების ყოფილმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სომხეთის მიერ ყარაბაღის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა. 


27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი