ახალი ამბები

გერმანიამ საქართველო კოვიდის რისკჯგუფში შეიყვანა

7 ოქტომბერი, 2020 •
გერმანიამ საქართველო კოვიდის რისკჯგუფში შეიყვანა

გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 7 ოქტომბრიდან საქართველო ახალი კორონავირუსის მქონე მაღალი რისკის ქვეყნების სიაში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

გერმანიის გადაწყვეტილებით, პირი, რომელსაც სურს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლა და ნამყოფია ბოლო 14 დღის განმავლობაში რისკისჯგუფში მყოფ ქვეყანაში, უნდა გაიკეთოს კორონავირუსის სავალდებულო ტესტი. ასევე, შესაძლებელია მოთავსდეს სპეციალურ საკარანტინო პირობებში, რაც უკვე კონკრეტული ფედერაციული ერთეულის – მიწის (Land) გადასაწყვეტია.

რისკის ჯგუფების კლასიფიკაცია დამოკიდებულია გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანმრთელობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ ერთობლივ ანალიზსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. თავის მხრივ, კლასიფიკაცია ემყარება ორეტაპიან პროცედურას. თავდაპირველად დგინდება, თუ რომელ ქვეყანაში იყო 50-ზე მეტი ახალი შემთხვევა თითოეულ 100.000 მოსახლეზე უკანასკნელი შვიდი დღის მანძილზე. მეორე ეტაპზე კი თვისებრივი კრიტერიუმით დგინდება კონკრეტული ქვეყანა თუ რეგიონი, რომელიც შეიძლება ჩამოსცდეს ამ დადგენილ ზღვარს, თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ რჩებოდეს ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი. კრიტერიუმების დადგენა ხდება გერმანიის საგარეო უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების (ლოკალურია თუ ფართომასშტაბიანი), დატესტვის შესაძლებლობებისა და უკვე დატესტილი პაციენტების ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებული რიცხვის მეშვეობით. ასევე, იმ ზომების ანალიზის შედეგად, რაც კონკრეტულმა ქვეყანამ მიიღო ინფექციასთან საბრძოლველად (ჰიგიენური რეგულაციები, კონტაქტების მიკვლევადობა და სხვა.)

ცხრილი, რომელიც ასახავს ვირუსის გავრცელებას საქართველოში © NCDC

რისკჯგუფში საქართველოსთან ერთად 7 ოქტომბრიდან მოხვდნენ ბულგარეთის, ხორვატიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის რიგი რეგიონები/პროვინციები, ხოლო საქართველო, იორდანია და ტუნისი, როგორც რისკის ჯგუფში მყოფი მთლიანი ქვეყნები.

გაიგეთ მეტი, თუ როგორ ითვლიან საქართველოსა და ევროპაში კოვიდ-ინციდენტობას, რაც შემდეგ კორონავირუსის გავრცელების “შუქნიშანში” გამოიხატება.

საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?

მასალების გადაბეჭდვის წესი