ნეტგაზეთი | როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ – Netgazeti
RU | GE  

როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ

როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა.

თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი თვალით თუ არა, ფოტოებზე მაინც გექნებათ ნანახი: ფერადი ტყეებით, წყალუხვი ჩანჩქერებით, ნაკადულებზე გადებული ბეწვის ხიდებით და ხავსმოდებული ლოდებით. სანამ ოქტომბრის გრილი დღეები დგას და ჯერ კიდევ არ აცივებულა, შეგიძლიათ ფოტოებზე ნანახ სინამდვილეში აღმოჩნდეთ. ამისთვის მხოლოდ საჭირო ნივთებით აღჭურვილი ზურგჩანთა, მაგარძირიანი, გამძლე ფეხსაცმელი და კარავი გჭირდებათ. თუ ეს უკანასკნელი თქვენთვის მოუხერხებელია ღამის გასათევად, შეგიძლიათ ეროვნული პარკების თავშესაფრებში, სასტუმროებში ან ახლომდებარე სოფლების საოჯახო სახლებში დარჩეთ. ასე არამხოლოდ შემოდგომის ტყეებით დატკბებით, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებასაც ახლოდან ნახავთ.

საით წავიდეთ?

მტირალა

მტირალას ნაკრძალით დავიწყოთ. ეს ბათუმთან ყველაზე ახლომდებარე ეროვნული პარკია. მტირალას მთა შავი ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და ყველაზე უხვნალექიანი ადგილია მთელ აჭარაში. სახელწოდება – „მტირალა“ სწორედ უხვნალექიანობას უკავშირდება. მტირალას დალაშქვრისას მარადმწვანე შქერის ბუჩქების ტყეს, კოლხურ და შერეულ ტყეებს, წიფლნარს და ცაცხვნარს გაივლით. შემოდგომაზე მტირალას პარკში წაბლი მწიფს.

მტირალას ტყე/ფოტო: მტირალას ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

გაგითევიათ მთელი დღის ლაშქრობის ბოლოს ხის ტურისტულ ქოხში ან კარავში? ეს მისტიური ღამეებია. კარვის წინ დანთებული კოცონით, შორიდან მოსული, ბუს ხმის ექოებით, იქვე შეგროვილი, ნაკვერჩხლებზე მოტკაცუნე შემწვარი წაბლის სურნელით და კოცონის ირგვლივ შენი უახლოესი მეგობრებით, რომლებმაც შენსავით იციან, რომ ძალიან რთული და დამღლელია ცხოვრება ბარში, მაგრამ ხანდახან თუ ერთად გაიქცევით მთაში, ყველაფერი ოდნავ მაინც შემსუბუქდება.

მტირალას ტყე/ფოტო: მტირალას ეროვნული პარკის ფეისბუქგვედიდან.

 

მაჭახელას ნაკრძალი

ეროვნული პარკის სტატუსი მაჭახელას 2012 წელს მიენიჭა. აქ ბუნება ხელუხლებელი და უნიკალურია. შეხვდებით მრავალწლოვანი უთხოვარის ხეებს, გადაშენების პირას მყოფი, კოლხური ბზის კორომებს და საერთოდაც, ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუვალი, უღრანი ტყეებითა და ბუჩქნარითაა დაფარული.

მდინარე მაჭახელას პარკში/ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა ბილიკი გაიაროთ, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიემართება. მაჭახელას ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ადგილზევე კარვების, ზურგჩანთის, საძილე ტომრებისა და ლაშქრობისთვის აუცილებელი სხვა საჭირო აღჭურვილობის დაქირავება.

ნაკრძალთან ახლოსაა საინტერესო ისტორიის მქონე სოფელი მაჭახელი, რომელიც ორადაა გაყოფილი. სოფლის ნაწილი თურქეთს ეკუთვნის, ნაწილი კი  – საქართველოს. თუ მაჭახელაში რომელიმე შემაღლებულ ადგილზე მცხოვრებს ესტუმრებით, აუცილებლად მოგართმევენ ყავას აივანზე, მოგაწვდიან ჭოგრიტს, გაგახედებენ თურქეთის მხარეს და მოგიყვებიან ნათესავებზე, რომლებიც საუკუნეზე დიდი ხნის წინ აღმოჩნდნენ შორს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

კინტრიშის ეროვნული პარკი

კინტრიშის ეროვნული პარკი ტბიყელის ბილიკიდან/ფოტო: კინტრიშის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

მდინარე კინტრიშის ხეობა თვალწარმტაცი ბუნებით მოგხიბლავთ. წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, ტბა ტბიყელი, თამარის თაღოვანი ხიდი და უძველესი ღვინის მარანი – ეს ყველაფერი არ არის, რაც კინტრიშის პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

ტბა ტბიყელი/ფოტო: კინტრიშის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

აქ ორი ტურისტული ბილიკია: ერთი მარტივი და ადვილად გასავლელი, რასაც 1 დღეშიც დაძლევთ, მეორე 2-3-დღიანი და შედარებით რთული. ნაკრძალში, როგორც მეცნიერები ათარიღებენ, დაახლოებით 2500  წლის უთხოვარის ხეებია.

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ბილიკებზე გზადაგზა საპიკნიკე და საკარვე ადგილებს ხვდებით. ბილიკების გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით.

ქობულეთის ეროვნული პარკი

აქ შეგიძლიათ ისპანის ჭაობი ნახოთ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ადგილია მთელ მსოფლიოში და მას რამსრის კონვენცია იცავს. შეგიძლიათ უიშვიათესი თეთრი ხავსის, სფაგნუმის მინდორზე გაიაროთ, მწერიჭამია მცენარე დროზერას და სამეფო გვიმრებს დააკვირდეთ, მერე კი ჭოგრიტით გადამფრენ ფრინველებს უთვალთვალოთ შემოდგომის ჯერ კიდევ მშრალ და უნალექო დღეებში. ქობულეთის ეროვნული პარკის დათვალიერება მხოლოდ ასეთ მშრალ და მზიან დღეებშია მიზანშეწონილი.

ისპანის ჭაობი ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე.

ტერიტორიაზე სამი ტურისტული ბილიკია. სამივეს გავლა ერთ დღეში შეიძლება. ასე რომ თუ ბათუმში ხართ, ბევრი ძალიან საინტერესო ადგილია შემოდგომაზე მოსანახულებლად. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ სანამ დაზამთრდება, უამრავი რამაა, რაც ჯერ არ გინახავთ და აუცილებლად შემოდგომაზე უნდა ნახოთ.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები შემოდგომაზე / ფოტო: ქობულეთის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი