ახალი ამბები

თბილისში ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

7 ოქტომბერი, 2020 • 1493
თბილისში ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს.
აქცია გაიმართა მოძრაობების, “შეცვალე”, “გხედავ” და “დემოკრატიული მომავლისთვის”, ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ფე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გალში მცხოვრები ირაკლი ბებუას დაკავება გააპროტესტეს.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მძიმე საქმის შემთხვევაში ერთჯერადი განცხადებები საკმარისი არა არის და საქართველის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს:
” სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას, რომელმაც სოხუმის ოკუპაციის დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშა დაწვა. ირაკლი ბებუას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ, აქტივისტებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ საკუთრი პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები და დაიცვან ჩვენი თანამოქალაქე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალასტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბებუას საკითხზე ამოქმედებულია ყველა შესაძლო მექანიზმი და ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი დამაზიანებელი და რისკის შემცველია:

“თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, ვინც ახლა აქცია გამართეს, მეტ ნაბიჯს დგამენ და ღონეს ხმარობენ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს?! პირიქით, მეტსაც გეტყვით. რაც შეეხება საქმის შინაარს, ამოქმედებული გვაქვს ყველა შესაძლო და არამხოლოდ შესაძლო მექანიზმი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ადამიანის გათავისუფლებას და ამაზე აქ საუბარი უფრო დამაზიანებელი და რისკის შემცველია. გვაცადეთ, თუ შეიძლება”, – ამბობს გიორგი გახარია.

გალში მცხოვრები ირაკლი ბებუა აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, მოგვიანებით კი აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბებუას სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

უწყების ცნობითვე, ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე 30- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დე ფაქტო შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია 30 სექტემბერს გავრცელდა. პირველ ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

ასევე,  სუს-ის ცნობით, “უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”.

ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, ფეისბუკის აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და  აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად ცხოვროვრონ.

 

“დროშის დაწვაში ბრალდებულს სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა” – აფხაზური მხარე

მასალების გადაბეჭდვის წესი