ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დროშის დაწვაში ბრალდებულს სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა” – აფხაზური მხარე

1 ოქტომბერი, 2020 • 1613
“დროშის დაწვაში ბრალდებულს სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა” – აფხაზური მხარე

გალში მცხოვრებ ირაკლი ბებუას, რომელიც აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, სოხუმის ცნობით, სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა.

“სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე, 1993 წელს დაბადებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო შს უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე 30- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დე ფაქტო შს განცხადების თანახმად, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია გუშინ, 30 სექტემბერს გავრცელდა. დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

ასევე,  სუს-ის ცნობით, “უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”.

ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, ფეისბუკის აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და ქართველების მიმართ აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად ცხოვროვრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი