ახალი ამბები

სოსო გოგაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა

7 ოქტომბერი, 2020 • 1676
სოსო გოგაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს.

ინფორმაცია ამის შესახებ გოგაშვილმა “მთავარ არხს” დაუდასტურა, თუმცა პარტიის დატოვების მიზეზებზე ამ ეტაპზე საუბარი არ ისურვა. სოსო გოგაშვილი “ქართულ ოცნებაში” მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

“განცხადება გაკეთდა და, ალბათ, აღმასრულებელი მდივანი მიხედავს პროცედურულად სტატუსის შეეჩრების საკითხს. საუბარი მქონდა მხოლოდ [პარტიის] თავმჯდომარესთან, ავუხსენი მიზეზები, რასაც გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა”, – განაცხადა გოგაშვილმა.

მანამდე სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც “ქართულ ოცნებაში” “ტროას ცხენის” შესახებ წერს. გოგაშვილის თქმით, “ტროას ცხენში” შედიან “ქართულ ოცნებაში ჩანერგილი ნაცები”, რომელთა ნაწილმა შემდეგ ეტაპობრივად დატოვა “ქართული ოცნება”.

“ზუსტად მათი დამსახურებაა კასრებში აღმოჩენილი (არამარტო), ფარულად გადაღებული კადრების განადგურება. ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება ნაცისტების წინააღმდეგ. ასევე, სხვა უამრავი საქმის გაფუჭება საგამოძიებო უწყებებში, სისტემური დანაშაულის ფაქტობრივი სამხილები, რომელიც იქნებოდა საბოლოო საბრალდებო დასკვნის და ნაცმოძრაობის გაუქმების მყარი საფუძველი. მათი მთავარი მიზანი იყო ნაცებისთვის იმ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რაც ჩაიდინეს თავისი მმართველობის განმავლობაში”, – წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილის თქმით, “აგენტურამ” “ქართულ ოცნებაში” ხელში აიღო ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტები: ისინი ისხდნენ მნიშვნელოვან თათბირებზე, ავირუსებდნენ კომპიუტერებს, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას სუფთა ადამიანებზე, რომ თითქოს ისინი არიან “კუდის”, ან “სოდის” აგენტები და ამით ახდენდნენ წესიერი ხალხის დისკრედიტაციას.

“ეტაპობრივად ხდებოდა დასავლელ პარტნიორებზე ისეთი ინფორმაციის და დეზინფორმაციის ნაზავის მიწოდება, რომელიც მათ ნდობას და მხარდაჭერას ეტაპობრივად ასუსტებდა მმართველი პარტიის მიმართ. რასაც ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა თავისი მუშაობით და ვერ უწევს დღემდე უსუსური და იქაც ნაცაგენტებით სავსე საგარეო საქმეთა სამინისტრო”, – წერს გოგაშვილი.

მისი თქმით, შიდა აგენტურის შედეგიანი მოქმედების გამო, ცილისმწამებლური კამპანიების და ბინძური დეზინფორმაციის საჭირო ადგილას სწრაფად, სხვაზე პირველად მიტანის თუ გავრცელების შედეგად, ეტაპობრივად, შეფარული “ნაცებით” ნაცვლდებოდა “ოცნების” ერთგული მომხრეები, რაც დღემდე ზრდის პარტიის გარეთ განაწყენებული ხალხის რაოდენობას.

“ჯერ კიდევ 2012 წელს, ოპოზიციურ ოცნებაში მყოფმა აგენტებმა შეადგინეს ცრუ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ისეთი საარჩევნო პროგრამა, მესიჯბოქსი და პოპულისტური დაპირებები, რომელსაც სპეციალურად ბიძინა ივანიშვილის აჟღერებინებდნენ, რომ შემდეგ ეს ძალიან კარგად გამოეყენებინათ მომავალში “ოცნების” წინააღმდეგ. იმ ფრაზების და გამოსვლების კოლაჟი დღემდე გამოიყენება, ცრუ დაპირებების, არაკომპეტენტურობის ხაზგასასმელად, ასევე, უსუსურობის და უუნარობის ხაზგასასმელად. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გახდა, რასაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ამას ემატებოდა საბოტაჟი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროექტების ვერ შესრულება, ჩაშლა და ა.შ.”, – წერს გოგაშვილი.

გოგაშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას” ბოლომდე უნდა დაეცვა ერთგული თანამებრძოლები; შეემუშავებინა ძლიერი, ეროვნულ ღირებულებებზე და ეროვნულ ინტერესებზე დაშენებული იდეოლოგია და ყოვლის მომცველი სტრატეგიული გეგმა; განეხორციელებინა პრაგმატული და გამბედავი საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის ეფექტური გეგმა, რომლის შედეგად შეიქმნებოდა საფუძველი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, დაესაჯა ყველა დამნაშავე და აეკრძალა “ნაციონალური მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი