ახალი ამბები

“ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

7 ოქტომბერი, 2020 • 1038
“ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

“ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს თბილისი-მარნეულის გზაზე უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამას კი წინ უძღვოდა 29 სექტემებერს მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. ასევე, ამავე საღამოს ცემეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შუბითიძეს მრავლობითი დაზიანებების ფონზე ოპერაციაც დასჭირდა. როგორც შუბითიძის დედამ ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნა, მას სახის ძვლების მოტეხილობაც ჰქონდა. დაშავებულის ძმამ, გიორგი შუბითიძემ განაცხადა, რომ მისმა ძმამ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო.

შუბითიძის ცემის შემდეგ მთავრობის სხავდასხვა წარმომადგენელმა, მათ შორის ირაკლი სესიაშვილმა და მამუკა მდინარაძემ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს დააკისრეს. ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომაპნია “იმედთან” საუბრისას განაცხადა: “არაა გასაკვირი, რომ ამ ყველაფრის [ცემის] უკან პოლიტიკური ოპონენტების მიზნები დგას”. მამუკა მდინარაძემ კი ასევე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: “ვარაუდზეც არ არის საუბარი”:

“აქ უკვე ვარაუდზეც არ არის საუბარი, აქ არის უკვე დადასტურებული ფაქტი, რომ ჩვენი საარჩევნო სპეციალისტი, რომელიც მარნეულში მუშაობდა, შემთხვევითი არ არის… აქ უკვე არის გამიზნული, პროვოკაციაც აღარ ჰქვია, სისხლის სამართლის დანაშაული შეგნებულად, რომ რამენაირად მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე, რომლებიც საარჩევნო მიმართულებით მუშაობენ და ეს არის გაგრძელება ამ დღეების განმავლობაში მომხდარი ინციდენტების”, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

შსს-ს განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ნათელი არ არის, რა მოტივაცია ამოძრავებდათ სავარაუდო დამნშავეებს და აქვთ თუ არა კავშირი მათ ოპოზიციასთან, რის ეჭვებსაც მმართველ გუნდში გამოთქვამდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი