ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოუწოდებს ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, — ამჯერად როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ჩართულ მხარეებსაც, მათ შორის თურქეთს, – თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა მოჰყვეს.
პირველი გადაწყვეტილება
სტრასბურგის სასამართლომ, ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 სექტემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთის მიმართვის საფუძველზე აემოქმედებინა სასამართლოს 39-ე მუხლი — შეჩერების მექანიზმი.
სასამართლომ ორივე მხარეს, — სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, — მოუწოდა, „თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომებისგან, განსაკუთრებით კი, სამხედრო მოქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევა, მათ შორის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებით“;
მეორე მხრივ, სასამართლომ მათ მოუწოდა, „შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, განსაკუთრებით, კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება) და მესამე (წამებისა და არადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვა) მუხლები“.
სომხეთის მეორე საჩივარი
მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლოს კვლავ მიმართა სომხეთმა და კვლავ სთხოვა შეჩერების მექანიზმის გამოყენება — ამჯერად თურქეთის წინააღმდეგ.
[ანკარა და ბაქო უარყოფენ თურქეთის როლს კონფლიქტში. თურქეთმა აზერბაიჯანს კონფლიქტის განახლებისთანავე გამოუცხადა მხარდაჭერა, განსხვავებით ათობით სხვა ქვეყნისგან, რომელთაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს].
სომხეთის მეორე საჩივარზე 6 ოქტომბერს იმსჯელა შვიდი მოსამართლით დაკომპლექტებულმა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ გამოიყენოს შეჩერების მექანიზმი.
„კონფლიქტის ესკალაციის გათვალისწინებით, სასამართლო ახლა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია კონფლიქტში, მათ შორის თურქეთს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას, და [მოუწოდებს მათ], პატივი სცენ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს“, – წერია 6 ოქტომბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
წინა გადაწყვეტილებაზე დეტალურად:
სტრასბურგის გადაწყვეტილება ყარაბაღზე და გამოხმაურებები სომხეთსა და აზერბაიჯანში