ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილება ყარაბაღზე და გამოხმაურებები სომხეთსა და აზერბაიჯანში

30 სექტემბერი, 2020 • 1303
სტრასბურგის გადაწყვეტილება ყარაბაღზე და გამოხმაურებები სომხეთსა და აზერბაიჯანში

ადამიანის უფლებათა სასამართლომ 28 სექტემბერს სომხეთის მოთხოვნაზე, სასამართლოს მიეღო შემაჩერებელი მექანიზმი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს გახდა ცნობილი.

რას ითხოვდა სომხური მხარე

სომხური მხარე წარდგენილ მოთხოვნაში შემაჩერებელი მექანიზმის გამოყენებას ითხოვდა შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეწყვეტილიყო მშვიდობიან დასახლებებზე სამხედრო შეტევა აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ძალების კონტაქტის მთელ ხაზზე.
  • შეწყვეტილიყო “ბრმა თავდასხმები”
  • შეწყვეტილიყო თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ობიექტებზე და დასახლებებზე.

რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა სასამართლომ

სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა აემოქმედებინა სასამართლოს 39-ე მუხლი, რომელიც შეჩერების მექანიზმს გულისხმობს.

“სასამართლო მოუწოდებს ორივეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომებისგან, განსაკუთრებით კი- სამხედრო მოქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევა, მათ შორის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებით, მეორე მხრივ კი, შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, განსაკუთრებით, კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება) და მესამე მუხლები (წამებისა და არადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვა).

სასამართლო მოუწოდებს ორივე მხარეს, სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება იშვიათად ხდება და მხოლოდ ისეთ შემთვევაში, როცა შესაძლოა რეალურად არსებობს ზიანის მიყენების შანსი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას რა შეფასებები მოჰყვა სომხეთში?

ადამიანის უფლებათა სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლის, ეღიშე კირაკოსიანის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სომხეთის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am ავრცელებს.

კირაკოსიანის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება ემყარება სომხეთის მოთხოვნას. ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან დაკავშირება დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიანიშნებს იმაზე, რომ სომხეთის მიერ წარმოდგენილი მასალები საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად. გამომდინარე აქედან, კირაკოსიანის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება სომხეთის მიერ მიღწეული წარმატებაა.

სომხეთის წარმომადგენლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განცახდება ორივე ქვეყანას მოუწოდებს შეჩერებისკენ, პასუხისმგებლობა მაინც აზერბაიჯანს ეკისრება.

“დარწმუნებული ვარ, სომხეთი ერთ-ორ დღეში წარადგენს ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად განვახორციელეთ, რომელიც საკმარისზე მეტი იქნება. ასევე ველოდებით აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რომლებზეც შემდგომში გავაკეთებთ კომენტარს. მართალია, ტექსტი ორივე ქვეყანას ეხება, თუმცა უფრო დიდი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება.”

რას ამბობს აზერბაიჯანული მხარე?

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარ განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აღნიშნულია, რომ სომხური მხარის მცდელობა, დაეზიანებიათ აზერბაიჯანი, მათთვისვე საზიანოდ დასრულდა.

“სომხური მხარის მცდელობა, რომ გამოეყენებინათ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათსავე საწინააღმდეგოდ შემობრუნდა” ,- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოუწოდებს სომხეთს, შეწყვიტოს თავისი ძალადობრივი მოქმედებები აზერბაიჯანში. რაც იწვევს ადამიანის უფლებისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

“როგორც ცნობილია, სომხური სამხედრო შენაერთები სამხედრო შეტევას ახორციელებენ აზერბაინულ ქალაქებსა და სოფლებზე, ასევე, მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო შენობა-ნაგებობებზე, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 12 და დაშავდა ათეულობით სამოქალაქო პირი, ისევე როგორც დაზიანდა კერძო და სახელმწიფო ქონება. ამის შედეგად, ევროპული სასამართლო”

მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სომხეთს დაეკისრა ასევე ვალდებულება, რომ წარმოადგინოს ინფორმაცი, მის მიერ განხორციელებულ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, მაშინ, როცა განსაკუთრებულად მაღალია რისკი, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი