ახალი ამბები

სომხეთის საელჩო: სიცრუეა, რომ საქართველო საწვავს და ჰუმანიტარულ დახმარებას აფერხებს

6 ოქტომბერი, 2020 • 1853
სომხეთის საელჩო: სიცრუეა, რომ საქართველო საწვავს და ჰუმანიტარულ დახმარებას აფერხებს

სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა საქართველო აფერხებს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ ქართულ სტრუქტურებთან მჭიდრო კონტაქტზე არიან და ნებისმიერ პრობლემას, მიმართვის საფუძველზე, ქართული მხარის ჩართულობით დაუყოვნებლივ მოაგვარებენ:

“ინტერნეტში ცირკულირებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველო აფერხებს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მხრივ არანაირი პრობელმა არ არის. სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს სახლემწიფო უწყებებთან და თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება საქართველოდან ტრანზიტის მხრივ, გთხოვთ, მოგვმართეთ პრობლემის სწრაფად აღმოსაფხვრელად. ამავე დროს, მოგიწოდებთ, არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, რომელიც პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს” , – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილმა თურქეთის საზღვართან, სოფელ კარწახში, თურქეთ-საქართველოს ცენტრალური გზა ცოტა ხნით გადაკეტა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ დაწერა, 29 სექტემბერს, დღის ბოლოს, სოფელ კარწახთან, — რომელიც თურქეთს ესაზღვრება, — ადგილობრივმა მოსახლეობამ თურქეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა.

გამოცემის ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავ მანქანებს არ ატარებდნენ, რის შედეგადაც ათობით მანქანა შეფერხდა;

„სამხრეთის კარიბჭის“ თანახმად, დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ ასე ცდილობდნენ გაერკვიათ, „რატომ უშლიან ხელს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომეხი ჯარისკაცებისა და დაზარალებულების დახმარებაში“.

წინა დღეს, 28 სექტემბერს, ჯავახეთში, კერძოდ კი, ნინოწმინდაში, მოსახლეობამ სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი შეაგროვა ყარაბაღში გასაგზავნად; იმავე საღამოს სატვირთო მანქანები დატვირთეს, თუმცა საქართველო-სომხეთის საზღვარზე რამდენიმე სატვირთო მანქანა არ გაატარეს, რასაც დემონსტრაცია მოჰყვა.

ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. საბოლოოდ, ადგილობრივი მედიების ცნობით, გაატარეს ორი სატვირთო მანქანა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით იყო დატვირთული, ოთხი სატვირთო კი, სადაც ბორბლები იყო მოთავსებული, არ გაატარეს და უთხრეს, რომ შესაბამისი ნებართვა აეღოთ. ამის შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათისთვის, მოსახლეობა დაიშალა და გზა გაიხსნა.

ვრცლად:

რის გამო გადაკეტეს ჯავახეთში საქართველო-თურქეთის გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი