ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

6 ოქტომბერი, 2020 • 1363
აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი მხარეებს ყარაბაღში ცეცხლის მყისიერი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ საუბარია მთავრობების მიერ გავრცელებულ საერთო მიმართვაში. განცხადების თანახმად, სამი ქვეყანა, რომელიც, ამავდროულად, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც არიან, გმობენ ძალადობის სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ, რაც მათი შეფასებით რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.

მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე – კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ – და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს,”-ნათქვამია მიმართვაში.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს გააგრძლებენ:

“ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს.”

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება, ორივე მხარეს გარდაცვლილთა დიდი რაოდენობით, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი